PDF
დაბრუნდით უკან

გამოქვეყნების თარიღი: 13.07.2023 წ.

Paysera მობილური აპლიკაციის გამოყენების წესები

ტერმინთა განმარტებები

მომსახურების გენერალური ხელშეკრულება - ხელშეკრულება, რომელიც ვრცელდება Paysera-ს კლიენტზე და რომელიც ხელმისაწვდომია აქ.

Paysera-ს მომსახურება – Paysera-ს მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით, მისი დანართებით, ასევე სხვა ხელშეკრულებებით/შეთანმებებით განსაზღვრული მომსახურება. მათ შორის, მომსახურება, რომელთა დროსაც იქმნება ანგარიშზე ნაღდი ფულის ჩარიცხვისა და გატანის, აგრეთვე ანგარიშის მართვასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის პირობები; გადახდის ოპერაციები, მათ შორის თანხის გადარიცხვა საგადახდო მომსახურების მომხმარებლის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილ ანგარიშზე ან სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილ ანგარიშზე; გადახდის ოპერაციები, რომლის დროსაც საგადახდო მომსახურების მომხმარებელზე თანხა გაიცემა საკრედიტო ხაზის ქვეშ: საგადახდო ბარათით ან მსგავსი საგადახდო ინსტრუმენტით განხორციელებული გადახდის ოპერაცია ან/და საკრედიტო გადარიცხვები, ავტომატური გადარიცხვების ჩათვლით; საგადახდო ინსტრუმენტების გაცემა ან/და მიღება; ფულადი გზავნილები; გადახდის ინიციირების მომსახურება; ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება.

Paysera-ს მომსახურება – Paysera-ს მიერ მოწოდებული ელექტრონული ფულის გამოშვების, ფულად სახსრებზე გადაცვლის, გადახდის და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურება.

Paysera-ს სისტემა -პროგრამული გადაწყვეტა, რომელიც განთავსებულია Paysera-ს ვებ. გვერდზე (www.paysera.ge) და Paysera აპლიკაციაში და გამოიყენება Paysera-ს მიერ მომსახურების გასაწევად.

Paysera ანგარიში – Paysera-ში არსებული კლიენტის მიმდინარე, საბარათე ანგარიში. იხსნება მხოლოდ კლიენტის იდენტიფიკაციის შემდეგ.

პროფილი - კომპიუტერულ სისტემაში რეგისტრაციის შედეგი, რომლის დროსაც ინახება რეგისტრირებული კლიენტის მონაცემები, იქმნება ავტორიზაციის სახელი და განისაზღვრება კლიენტის უფლებები სისტემაში.

ერთჯერადი უსაფრთხოების კოდი - კლიენტის მობილური ტელეფონის ნომრისა და კლიენტის Paysera აპლიკაციის კავშირის დასადასტურებლად, კლიენტის ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი ციფრებისგან შემდგარი ერთჯერადი კოდი.

Paysera აპლიკაცია – მობილური აპლიკაცია კლიენტის ანგარიშის მართვისთვის, ჩაწერილი და გამოყენებული მობილურ მოწყობილობაზე.

გაყიდვების წერტილი -ფიზიკური ადგილი, სადაც Paysera აპლიკაციის გამოყენებით მერჩანტი იღებს გადახდებს გაყიდული საქონლისა ან/და მიწოდებული მომსახურების სანაცვლოდ.

Paysera აპლიკაციის განსაბლოკი PIN კოდი - კლიენტის მიერ შექმნილი ხუთციფრიანი კოდი, რომელსაც ის იყენებს საკუთარი Paysera აპლიკაციის განბლოკვისთვის.

მერჩენტის იდენტიფიკატორი –QR (უნიკალური ვიზუალური კოდი) ან BAR (ციფრული შტრიხ კოდი) კოდი, რომელიც მყიდველს წარედგინება გაყიდვის წერტილში, გამოიყენება გაყიდვის წერტილის ან კონკრეტული გადახდის იდენტიფიცირებისთვის და მობილური მოწყობილობაში ასახავს ინფორმაციას გაყიდვის წერტილში მყიდველის მიერ შეკვეთილი და შეძენილი საქონლის ან მომსახურებისა და მისი ღირებულების შესახებ.

ანგარიშის შევსების ან ნაღდი ფულის გამოტანის კოდი –Paysera-ს აპლიკაციის მეშვეობით დაგენერირებული უნიკალური QR ან BAR კოდი, რომელსაც კლიენტი იყენებს Paysera-ს ანგარიშზე თანხის შესატანად ან ანგარიშიდან ნაღდი ფულის გასატანად.

უნიკალური იდენტიფიკატორი – ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, ანგარიშის ნომერი ან ნებისმიერი სხვა მონაცემი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას თანხის მიმღების დასადგენად და საგადახდო დავალების შესასრულებლად.

Paysera მობილური აპლიკაციის ფუნქციები

1. Paysera მობილური აპლიკაცია არის Paysera ანგარიშის მართვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი.

2. Paysera მობილური აპლიკაციის გადმოწერა უფასოა. Paysera-ს კონკრეტული მომსახურებების ტარიფები იხილეთ აქ.

3. კლიენტი უნდა დარწმუნდეს, რომ მის მობილურ მოწყობილობაში Paysera მობილური აპლიკაცია ჩამოტვირთული და დაყენებულია მხოლოდ Paysera-ს მიერ მითითებული „Apple Store“-ისა და „Google Play“-ის ვებგვერდებიდან.

4. Paysera მობილური აპლიკაციის საშუალებით კლიენტს შეუძლია:

4.1. დარეგისტრირდეს სისტემაში და შექმნას პროფილი (Paysera-ს მომსახურებით სარგებლობა შეზღუდულია, სანამ Paysera-ს სისტემაში მითითებული წესების შესაბამისად, არ შესრულდება იდენტიფიკაციის პროცედურა);

4.2. გაეცნოს Paysera-ს მომსახურების პირობებსა და მიიღოს საინფორმაციო/სარეკლამო შეტყობინებები;

4.3. შეცვალოს მობილური აპლიკაციის პარამეტრები, Paysera-ს მომსახურებით უსაფრთხოდ სარგებლობის წესების გათვალისწინებით, რომელიც განთავსებულია აქ.

5. იდენტიფიცირებულ კლიენტს Paysera მობილური აპლიკაციის საშუალებით შეუძლია ისარგებლოს შემდეგი მომსახურებით:

5.1. Paysera-ს ანგარიშიდან თანხების გადარიცხვა Paysera-ს ქსელში გახსნილ ანგარიშებზე (Paysera ქსელის სისტემის შიგნით), მიმღების მობილური ნომრის ან ელ. ფოსტის მითითებით;

5.2. Paysera-ს ანგარიშიდან თანხების გადარიცხვა Paysera-ს ქსელის სისტემის გარეთ;

5.3. Paysera ანგარიშზე ნაშთის შემოწმება და ჩარიცხვისა და გადარიცხვის ოპერაციების ნახვა;

5.4. Paysera-ს ანგარიშიდან ანგარიშსწორება იმ გაყიდვების წერტილში, რომელშიც გადახდები მიიღება Paysera მობილური აპლიკაციის გამოყენებით;

5.5. Paysera მობილურ აპლიკაციასთან ბარათის დაკავშირება და მისი გამოყენებით გაყიდვების წერტილებში საბარათე ანგარიშიდან ანგარიშსწორება;

5.6. Paysera-ს ანგარიშზე თანხის შეტანა;

5.7. Paysera-ს ანგარიშიდან თანხის გატანა.

6. შესაძლოა, Paysera მობილურ აპლიკაციას აპლიკაციის განახლებებისას დაემატოს ახალი ფუნქციები. შეთავაზება ახალი ფუნქციების დაყენების შესახებ კლიენტს ეგზავნება კლიენტის მობილურ მოწყობილობაზე და ახალი ფუნქციების დაყენებასა და გამოყენებაზე კლიენტის თანხმობად ითვლება კლიენტის მიერ მობილური აპლიკაციის განახლების დაყენება.

7. Paysera მობილური აპლიკაციის ზოგიერთი ფუნქცია შეიძლება განსხვავდებოდეს მობილურ მოწყობილობაზე გამოყენებული ოპერაციული სისტემის მიხედვით.

Paysera მობილური აპლიკაციის გამოყენებით Paysera ანგარიშის გახსნა

8. კლიენტი რეგისტრირდება Paysera სისტემაში და ქმნის პროფილს თავისი ელ. ფოსტის და ტელეფონის ნომრის მითითებით. კლიენტს მოეთხოვება სისტემაში დანერგილი კლიენტის იდენტიფიკაციის პროცედურის გავლა და მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება, რათა შეძლოს Paysera-ს ანგარიშითა და მისი სხვა მომსახურებებით სარგებლობა.

9. Paysera მობილურ აპლიკაციაში შესვლა/წვდომის მოპოვება და აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელი ხდება, მას შემდეგ რაც:

9.1.კლიენტი Paysera-ს ანგარიშს დაუკავშირებს საკუთარ მობილურის ნომერს;

9.2. შექმნის Paysera მობილური აპლიკაციის განბლოკვის PIN კოდს.

კლიენტის მიერ Paysera მობილური აპლიკაციისთვის შექმნილი PIN კოდი წარმოადგენს მუდმივ პაროლს, რომელიც გამოიყენება კლიენტის მიერ საკუთარი Paysera მობილური აპლიკაციის განბლოკვისთვის, ანგარიშზე წვდომის მოსაპოვებლად და მის სამართავად. თუ კლიენტი 35 (ოცდათხუთმეტი) დღის განმავლობაში არ შევა პროფილზე, Paysera მობილური აპლიკაციიდან ანგარიშზე წვდომის მოსაპოვებლად, იგი Paysera აპლიკაციიდან პროფილის პაროლის გამოყენებით ხელახლა უნდა შევიდეს სისტემაში, შეიყვანოს ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი ერთჯერადი უსაფრთხოების კოდი და დააყენოს Paysera მობილური აპლიკაციის ახალი PIN კოდი.

10.Paysera გაფრთხილებთ, რომ Paysera აპლიკაციის გამოყენების შემდგომ აპლიკაციის არ გამორთვის, მობილური მოწყობილობის არ დაბლოკვის და ძილის რეჟიმში არ გადაყვანის შემთხვევაში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში Paysera მობილური აპლიკაცია ამავე მობილური მოწყობილობიდან ხელმისაწვდომი იქნება Paysera მობილური აპლიკაციის PIN კოდის შეყვანის გარეშე.

გადარიცხვის შესრულება

11.გადარიცხვა შეიძლება შესრულდეს მხოლოდ იდენტიფიცირებული კლიენტის მიერ.

12.იმისთვის, რომ შესრულდეს გადარიცხვა, კლიენტმა უნდა მიუთითოს მიმღების უნიკალური იდენტიფიკატორი და გადასარიცხი თანხის ოდენობა იმ ვალუტაში, რომელშიც კლიენტს განთავსებული აქვს თანხები საკუთარ Paysera-ს ანგარიშზე, ასევე სხვა ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილ იქნება Paysera-ს მიერ.

13. გადარიცხვის შესრულებამდე კლიენტი უნდა დარწმუნდეს, რომ მიმღების უნიკალური იდენტიფიკატორი სწორია, მოქმედია და გამოიყენება მიმღების მიერ. Paysera არ არის პასუხისმგებელი კლიენტის მიერ მითითებული არასწორი იდენტიფიკატორის გამო თანხების არასწორ მიმღებთან გადარიცხვაზე.

14.გადარიცხული თანხა დაუყოვნებლივ აისახება მიმღების Paysera ქსელში არსებულ ანგარიშზე, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული იდენტიფიკატორი დაკავშირებულია მიმღების Paysera ქსელში არსებულ ანგარიშთან, გარდა სისტემაში დადგენილი წესებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

15.თუ მომხმარებელი იყენებს ტელეფონის ნომერს ან ელექტრონული ფოსტის მისამართს, როგორც უნიკალურ იდენტიფიკატორს და აღმოჩნდება, რომ მიმღების ანგარიში არ არის დაკავშირებული გადამხდელის მიერ მითითებულ იდენტიფიკატორთან, ჩარიცხვა შესრულდება მას შემდეგ, რაც მიმღები დაუკავშირებს საკუთარ ანგარიშს გადამხდელის მიერ მითითებულ იდენტიფიკატორს (თუ ასეთი შესაძლებლობა არსებობს). თუ მიმღები არ დაუკავშირებს საკუთარ ანგარიშს მითითებულ იდენტიფიკატორს 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში, გადარიცხვა ავტომატურად უქმდება და თანხები ბრუნდება გადამხდელის Paysera ანგარიშზე.

16.Paysera მობილური აპლიკაციის საშუალებით განხორციელებადი გადარიცხვის ტიპები:

16.1.გადარიცხვა Paysera ქსელის სისტემის კლიენტთან. მსგავსი გადარიცხვა, შესაძლოა, დაცული იყოს პაროლით: კლიენტი საგადახდო დავალების შედგენისას აყენებს გადარიცხვის მიღების პაროლს. გადარიცხვა სრულდება იმ დროს, როდესაც მიმღები შეიყვანს კლიენტ-გადამხდელის მიერ განსაზღვრულ და მიმღებისთვის მიწოდებულ გადარიცხვის მიღების პაროლს. თუ მიმღები არ შეიყვანს გადამხდელის მიერ განსაზღვრულ პაროლს, თანხები ავტომატურად ბრუნდება გადამხდელის Paysera ანგარიშზე 30 დღის შემდეგ. ასეთი გადარიცხვის ავტორიზაციის მომენტად ითვლება მიმღების მიერ გადარიცხვის მიღების პაროლის შეყვანა და ამგვარი გადარიცხვა გაუქმება დაუშვებელია მიმღების მიერ პაროლის შეყვანის შემდგომ. კლიენტი პასუხისმგებელია მიმღებისთვის პაროლის უსაფრთხოდ და ჯეროვნად მიწოდებაზე და აღნიშნული პაროლის მხოლოდ ფულადი სახსრების მიმღებისთვის გამჟღავნებაზე.

16.2.გადარიცხვა იმ პირებთან, რომლების არ არიან Paysera ქსელის სისტემის კლიენტები.

17. გადარიცხვისთვის არ არის დადგენილი მინიმალური ლიმიტი. გადარიცხვებზე ვრცელდება გადარიცხვის ის ლიმიტები, რომლებიც დაწესებულია კლიენტის Paysera ანგარიშისთვის.

18. თუ თანხა მიღებულია შეცდომით, მიმღები ვალდებულია უმოკლეს ვადაში დაუბრუნოს იგი გამგზავნს.

საქონლისა და/ან მომსახურებისთვის ანგარიშსწორება გაყიდვების წერტილებში

19.1. Paysera მობილური აპლიკაცია გაძლევთ შესაძლებლობას, გადაიხადოთ საქონლისა და მომსახურების ღირებულება გაყიდვების წერტილებში, სადაც გადახდები მიიღება Paysera მობილური აპლიკაციის საშუალებით, მერჩანტის იდენტიფიკატორის დასკანერების გზით: კლიენტი მობილური მოწყობილობით ასკანერებს გაყიდვის წერტილში მერჩანტის მიერ წარმოდგენილ მერჩანტის იდენტიფიკატორს და ადასტურებს კონკრეტული საქონლის ან მომსახურების ღირებულების გადახდას.

20.გაყიდვების წერტილში ანგარიშსწორებისთვის გამოიყენება კლიენტის Paysera ანგარიშისთვის დაწესებული გადარიცხვის ლიმიტები.

21.მას შემდეგ რაც კლიენტი დაადასტურებს გადარიცხვას, მისი გაუქმება და თანხის უკან დაბრუნება შეუძლებელია.

Paysera ანგარიშზე თანხის შეტანა ან თანხის გატანა

22.Paysera-ს ანგარიშზე თანხის შეტანისათვის, კლიენტი "თანხის შეტანის“ ფუნქციის არჩევის შემდგომ, მიიღებს ანგარიშის შევსების BAR ან QR კოდს, რომელიც უნდა წარადგინოს თანხის შეტანის წერტილებში, სადაც სკანერდება ანგარიშის შევსების კოდი და კლიენტის მიერ მითითებული თანხის ოდენობა ემატება Paysera ანგარიშს.

23.Paysera ანგარიშიდან თანხის გატანისთვის, კლიენტი "თანხის გატანის" ფუნქციის არჩევის შემდგომ, მიიღებს თანხის გატანის BAR ან QR კოდს, რომელიც უნდა წარადგინოს თანხის გატანის წერტილებში, სადაც სკანერდება თანხის გატანის კოდი და კლიენტის მიერ განსაზღვრული თანხა გაიცემა მისი Paysera-ს ანგარიშიდან.

24.ადგილები, სადაც შესაძლებელია Paysera-ს ანგარიშზე თანხის შეტანა ან ანგარიშიდან თანხის გატანა, მითითებულია Paysera აპლიკაციაში, რუკაზე ან თანხის გადახდის/შეტანის ადგილების ჩამონათვალში.

25.თანხის შეტანისთვის ან თანხის გატანისთვის, შესაძლოა, საჭირო გახდეს კლიენტის მიერ დამატებითი ქმედებების შესრულება/დოკუმენტების წარმოდგენა.

უსაფრთხოება

26.ვინაიდან Paysera-ს მობილური აპლიკაცია წარმოადგენს საგადახდო აპლიკაციას, კლიენტმა უნდა უზრუნველყოს იმ მობილური მოწყობილობის (საგადახდო ინსტრუმენტის) უსაფრთხოება, რომელშიც ჩაწერილია აპლიკაცია, არ დატოვოს Paysera მობილური აპლიკაცია ჩართული/აქტივირებული და არ გადასცეს ან დატოვოს პაროლები სხვა პირებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას. თუ კლიენტი ეჭვობს, რომ Paysera მობილური აპლიკაციის განბლოკვის PIN კოდი ან სხვა პაროლები ცნობილი გახდა სხვა პირებისთვის, მან დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს საკუთარი Paysera მობილური აპლიკაციის განბლოკვის PIN კოდი და/ან ანგარიშის პაროლი. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, კლიენტმა მომსახურების გენერალურ ხელშეკრულებაში მითითებული წესით უნდა აცნობოს Paysera-ს აღნიშნულის შესახებ, , რათა დაიბლოკოს Paysera მობილური აპლიკაციით Paysera-ს ანგარიშის მართვის შესაძლებლობა, სანამა არ შეიქმნება ახალი პაროლი.

27.თუ კლიენტი ვერ უზრუნველყოფს ზემოთ აღნიშნულს, იგი პასუხისმგებელია Paysera-ს ანგარიშზე განხორციელებული ყველა იმ არაავტორიზებული ტრანზაქციისთვის, რომელიც განხორციელდა პაროლების სხვებისთვის გამჟღავნების და/ან ანგარიშის მესამე პირებისთვის ხელმისაწვდომობის გამო.

28.წინამდებარე დანართის მიხედვით, პაროლებად ითვლება ავტორიზაციის მონაცემები, Paysera მობილური აპლიკაციის განბლოკვის PIN კოდი, გადარიცხვის მიღების პაროლი, ანგარიშის შევსების ან თანხის გატანისთვის განკუთვნილი QR ან BAR კოდები.

29.მობილური ტელეფონის ნომრისა და/ან ელ. ფოსტის Paysera ანგარიშთან დაკავშირების შემდეგ, კლიენტის მობილური ნომერი და/ან ელ. ფოსტის მისამართი გამოიყენება, როგორც გადახდის ინსტრუმენტი ან კლიენტის იდენტიფიცირების საშუალება, შესაბამისად კლიენტმა უნდა დაიცვას აღნიშნული ინსტრუმენტების უსაფრთხოება. კლიენტი სრულად არის პასუხისმგებელი მობილური მოწყობილობის, ტელეფონის ნომრის (SIM ბარათის), ელ. ფოსტის ავტორიზაციის და ყველა პაროლების უსაფრთხოებაზე..

30.კლიენტმა უნდა გამოიყენოს მხოლოდ ორიგინალი ოპერაციული სისტემა/პროგრამული უზრუნველყოფა და მისი სტანდარტული ინსტრუმენტები, რომლებიც მოწოდებულ იქნა მოწყობილობასთან ერთად. მოწყობილობაზე სხვა პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება ან მასში ინტეგრირებული სტანდარტული უფლებების და დაცვის ფუნქციების ცვლილება ზრდის ცალკეული აპლიკაციების მიერ შენახული მონაცემების უსაფრთხოების რისკს, მათ შორის Paysera მობილური აპლიკაციის მიერ შენახული მონაცემების უსაფრთხოების რისკს. Paysera არ არის პასუხისმგებელი ოპერაციული სისტემის/პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების დარღვევით წარმოქმნილ ზარალზე.

პასუხისმგებლობა

31.თუ კლიენტი რაიმე მიზეზით ვერ შეძლებს Paysera მობილურ აპლიკაციაში შესვლას ან Paysera მობილურ აპლიკაციასთან ერთად გამოყენებული მოწყობილობა, პროგრამა ან ოპერატიული სისტემა შეწყვეტს მუშაობას ან Paysera მობილური აპლიკაცია არ მუშაობს კლიენტის მოლოდინის შესაბამისად ან ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში ან მესამე პირების (მაგ. პროგრამული უზრუნველყოფის, ოპერატიული სისტემის, ოპერატორების და ა.შ.) ზემოქმედების შედეგად მომსახურება დროულად ვერ იქნა გაწეული - Paysera არ არის პასუხისმგებელი აღნიშნული მიზეზებით კლიენტისათვის მიყენებულ ნებისმიერი სახის ზიანზე.

32.კლიენტი იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ კლიენტის მიერ Paysera-სთვის წარდგენილი და Paysera პროფილთან დაკავშირებული მობილურის ნომერი და/ან ელ. ფოსტის მისამართი ეკუთვნის თავად კლიენტს.

33.Paysera არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ დანაკარგზე/ზიანზე, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს კლიენტის მიერ აღნიშნული მომსახურებით სარგებლობით. Paysera ასევე არ არის პასუხისმგებელი კლიენტის მიერ სატელეკომუნიკაციო ქსელების გაუმართაობის შედეგად მიღებულ ზიანზე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

34.Paysera მობილური აპლიკაციის გამოყენებისას კლიენტი გვაწვდის შემდეგ პერსონალურ მონაცემებს: ტელეფონის ნომერს, ელ. ფოსტის მისამართს, მისამართს, ასევე დაკავშირებული საგადახდო ბარათის ნომერს, მისი მოქმედების ვადას, CVV კოდს, სახელს, გვარს (დაკავშირებული საგადახდო ბარათის არსებობის შემთხვევაში). ასევე, Paysera ამუშავებს სხვა მონაცემებს, რომლებიც კლიენტს მიწოდებული აქვს Paysera-სთვის.

35. კლიენტის მონაცემები მუშავდება Paysera-ს მომსახურების გაწევისა და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნებით.

37. Paysera-ს მიერ დამუშავებული ყველა მონაცემი კლიენტის მიერ მოწოდებულია ნებაყოფლობითობის, ინფორმაციის სისრულისა და სისწორის პრინციპების დაცვით.

38. ყველა ზემოაღნიშნული ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს, არ გადაეცემა მესამე მხარეს მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე. მონაცემთა სუბიექტის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები ან ინფორმაცია Paysera-მ შეიძლება გაამჟღავნოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში. Paysera ასევე უფლებამოსილია გაამჟღავნოს პერსონალური მონაცემები მხოლოდ ობიექტურად გამართლებულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ეს არ არის აკრძალული კანონით. ჩვეულებრივ, მონაცემები გამჟღავნდება შემდეგ შემთხვევებში:

39. Paysera აპლიკაცია ასევე აღჭურვილია ანალიტიკური ხელსაწყოებით, რომლებიც განკუთვნილია Paysera აპლიკაციის სათანადო ტექნიკური მუშაობის უზრუნველსაყოფად (როგორიცაა „Crashlytics“, „Firebase Crash Reporting“). ასეთი ხელსაწყოები აანალიზებენ აპლიკაციის გაუმართაობის მიზეზებს და აწვდიან მას Paysera-ს, რათა უკეთ გავიგოთ კლიენტის საჭიროებები და გაუმართაობისა თუ შეფერხებების მიზეზები. აღნიშნული მიზნით, Paysera აპლიკაციის ტექნიკური ფუნქციონირების გაუმართაობის შემთხვევაში, მონაცემები გაუმართაობის შესახებ შეიძლება გადაეცეს მესამე პირებს - ასეთი ტექნიკური ოპერაციების ანალიტიკური ხელსაწყოების მენეჯერებს, რომლებიც ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს მათი საჯაროდ ხელმისაწვდომი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

40. კლიენტს უფლება აქვს მოითხოვოს წვდომა Paysera-ს მიერ შეგროვებულ და შენახულ პერსონალურ მონაცემებზე, გაიგოს, თუ როგორ ხდება მათი დამუშავება, ასევე მოითხოვოს მისთვის ასეთი მონაცემების მიწოდება. მონაცემები შეიძლება მიეწოდოს უფასოდ კალენდარულ წელიწადში ერთხელ, სხვა შემთხვევებში, მონაცემთა მიწოდებისთვის შესაძლოა დაწესდეს საფასური, რომელიც არ აღემატება მონაცემთა მიწოდების ღირებულებას.

41. კლიენტს უფლება აქვს მოსთხოვოს Paysera-ს გამოასწოროს ნებისმიერი უზუსტობა მის პერსონალურ მონაცემებში უსასყიდლოდ. კლიენტს ასევე აქვს უფლება მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და მესამე მხარისათვის გამჟღავნების შეწყვეტა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა და იმ შემთხვევისა, როცა ეს აუცილებელია მომსახურების გაწევისთვის.

42. კლიენტს Paysera-ს მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომასთან, მათ შესწორებასთან დაკავშირებული და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები შეუძლია წარადგინოს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected].

საბოლოო დებულებები

43.აღნიშნული წესები კლიენტის მიერ დასტურდება Paysera მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთითა და მასში რეგისტრაციით. კლიენტზე ვრცელდება ამ წესებისა და მომსახურების გენერალური ხელშეკრულების ყველა მოქმედი პირობა.

44.საკითხები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული აღნიშნული წესებით, რეგულირდება მომსახურების გენერალური ხელშეკრულებით.